იუწყებიან, რომ რუსეთის დედაქალაქს ისევ დრონებით შეუტიეს. ბოლო სამ დღეში დრონით „მოსკოვი-სითის“ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიების ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები მდებარეობს, მეორე თავდასხმა იყო.
ვრცელდება ვიდეო მასალები, სადაც აფეთქებების ხმები ისმის და ჩანს, რომ ბიზნეს ცენტრ "მოსკოვი-სიტის" ერთ-ერთი ცათამბჯენიდან კვამლი ამოდის.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „მოსკოვი-სითის“ ერთ-ერთ ცათამბჯენს დაეჯახა და ფასადი დააზიანა.
თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ორი დრონი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს და ნაროფომინსკის რაიონების ტერიტორიაზე ჰაერში გაანადგურეს, ერთი კი, მოსკოვი-სითის შენობების კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.